აშშ-მა კუნძულ გუამზე სტელსის სისტემის „ბი 2“-ის ტიპის ბომბდამშენების ჯგუფი გაგზავნა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობასთან.
სააგენტო წერს, რომ „ბი 2“ შეიძლება, აღჭურვილი იყოს ამერიკული 30 000 ფუნტიანი GBU-57 მასიური შეღწევის შეიარაღებით, რომელიც მიწისქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად არის შექმნილი. ეს არის იარაღი, რომელიც სამხედრო ექსპერტების აზრით, შეიძლება, გამოყენებულ იქნას ირანის ბირთვულ პროგრამაზე, მათ შორის ფორდოს სადგურზე დარტყმისთვის. არსებული მონაცემებით, ფორდოს სადგური 100 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.
„როიტერის“ ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჯერ არ არის გაცემული ბრძანება ბომბდამშენების გუამის მიღმა გაგზავნის შესახებ. მათ არ უთქვამთ, რამდენი „ბი 2“-ის ტიპის ბომბდამშენი გადაადგილდება.