მთავარი არ არის, რას ფიქრობენ რადიკალები არჩევნებთან მიმართებით, გააჩნია, რა გეგმა ექნებათ მათ პატრონებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, „ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან კიდევ ერთი განაჩენი ელოდება“.
„არჩევნებთან დაკავშირებული საკითხს რაც შეეხება, ეს სრულიად დამოკიდებულია აგენტურული ოპოზიციის პატრონებზე, ვინც მათ კონკრეტულ დავალებას აძლევს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს რადიკალების ის კატეგორია, რომლებიც ვითომ პრინციპულები არიან და ამბობენ, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას. როცა ეტყვიან, თავი შეიკავეთო, არ მიიღებენ მონაწილეობას – გააჩნია, რა გეგმა ექნებათ მათ პატრონებს საქართველოსთან მიმართებით. მთავარი არ არის, რას ფიქრობენ ისინი და ერთი მუჭა რადიკალები რა ინიციატივით გამოდიან არჩევნებთან მიმართებით. მთავარია, რომ უკვე მერამდენედ, მათ შორის ახლაც, თვითმმართველობის არჩევნებზე, ქართველი ხალხისგან კიდევ ერთი განაჩენი ელოდებათ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამასთან, როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნება.
„ყველა დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის სრულიად ადეკვატური კანონმდებლობა არსებობს. პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნება, რომ მის მიმართ კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ბოლომდე არ იყოს განხორციელებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.