ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ეს არის ღირსეული ქართული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი არა კრიმინალები, არამედ პატრიოტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში, რომელიც შესაბამისი შედეგით უნდა დასრულდეს.
„ჩვენს თავსაც და საზოგადოებასაც უნდა შევახსენოთ ხოლმე, რაც შეიძლება ხშირად, წინა ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები. გვახსოვს, რა რეჟიმი მოქმედებდა საქართველოში 2012 წლამდე. რეჟიმი თავიდან ბოლომდე იდგა კრიმინალზე, ადამიანებზე ზრუნვა არ იყო არავითარი პრიორიტეტი, პირიქით, ადამიანის ღირსების ხელყოფა იყო მათი ხელწერის უმთავრესი შტრიხი და, სწორედ, ეს მიდგომა შეიცვალა ფუნდამენტურად 2012 წლიდან. შეშფოთებით უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, რომ ვიღაცებს ქვეყნის გარედან სურდათ ასეთი ადამიანების დაბრუნება ხელისუფლებაში და პირდაპირი წინასაარჩევნო, სააგიტაციო განცხადებებიც კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. ქართველ ხალხს ვერავინ აიძულებს, ვინც არ უნდა ურჩიოს ქვეყნის გარედან, თუ შიგნიდან, ხელისუფლებაში დააბრუნოს კრიმინალები. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. მე მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა, ვინც ჩართულია უშუალოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობის მუშაობაში, განსაკუთრებით კომისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ თეა წულუკიანს. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა საქართველოს პარლამენტში, ფართო საზოგადოებას ხშირად შეიძლება ავიწყდებოდეს ის დანაშაულები, რომლებიც იქნა ჩადენილი წინა ხელისუფლების პირობებში. ჩვენც კი, ვინც უშუალოდ ჩართული ვართ პოლიტიკურ პროცესში, შეიძლება, ემოციურ დონეზე მაინც გვავიწყდებოდეს ის დანაშაულები და იმ დანაშაულების მასშტაბი, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე.
აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ის პროცესი, რომელიც წარიმართა და წარიმართება საგამოძიებო კომისიაში და ვფიქრობ, რომ ამ კომისიის მუშაობა უნდა დასრულდეს შესაბამისი შედეგით – ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ეს არის ღირსეული, ქართული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი არა კრიმინალები, არამედ პატრიოტები“, – განაცხადა პრემიერმა.