გერმანიის ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის გეგმებთან დაკავშირებით ილუზიები არავის უნდა ჰქონდეს.
ოლაფ შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინს სურს, შეინარჩუნოს ის, რაც უკვე დაიპყრო უკრაინაში და „კიდევ უფრო მეტი მიიტაცოს“.
ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა არ უნდა მიაღწიოს ევროპაში ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლას.
გერმანიის ყოფილი კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებმა გაანადგურა ის ურთიერთგაგება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში არსებობდა.
„ბუნდესვერი გაძლიერდება და ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობა ახალ დონეს მიაღწევს, ესეც სწორია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ასევე თქვა, რომ ქვეყნის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ვლადიმერ პუტინს შორის „ემოციური სიახლოვეა“.
მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმებისა და მემარჯვენე პოპულისტური პარტიების წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მომავლის შესახებ გაურკვევლობის წაქეზება, ასევე საზოგადოებასა და მის გარეთ მტრების ძიებაა.
„ჩვენ საზოგადოებაში მტრობის წინააღმდეგი ვართ“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა მაგალითად მოიყვანა „მაგას“ მოძრაობა (MAGA), რომელიც შეერთებულ შტატებში ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წამოიწყო. ოლაფ შოლცის აზრით, ამ მოძრაობამ მოახერხა ცრუ შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ის წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებსაც არ აქვთ მომავლის იმედი.