ტაილანდმა კამბოჯასთან მოსაზღვრე რვა რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
უკვე მეორე დღეა, ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები გრძელდება. ძალადობის პროვოცირებასა და ცეცხლის გახსნაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. კამბოჯამ ტაილანდს ცეცხლი რაკეტებითა და არტილერიით გაუხსნა, ტაიალანდმა კი F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებით იერიში მიიტანა კამბოჯის სამხედრო ობიექტებზე.
დაპირისპირებისა და კონფლიქტის გაფართოების ფონზე დასახლებულ ტერიტორიებს ტოვებენ ადგილობრივები. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასი ათასამდე მცხოვრებმა სახლები დატოვა და დროებით თავშესაფარშია გადასული. კამბოჯის მხარე 23 000-მდე ევაკუირებულის შესახებ იუწყება.
ორდღიანი დაპირისპირების ფონზე ტაილანდის მხარეს დაღუპულია 16 და დაშავებულია, სულ მცირე, 46 ადამიანი. კამბოჯა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.