აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, თავის მუქარას რუსული ნავთობისთვის 100%-ის ოდენობის მეორადი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არ შეასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე ანალიტიკოსზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპს ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდისა და მსოფლიო ეკონომიკის ჩამოშლის ეშინია. ხოლო ვენესუელურ ნავთობზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესებას შემზღუდავი ეფექტი ჰქონდა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეორადი ტარიფები [აშშ-ის] ადმინისტრაციის ხელში სასტიკი ინსტრუმენტი იქნება“, – ციტირებს სააგენტო საკონსულტაციო კომპანია Rapidan Energy Group-ის გეოპოლიტიკური რისკების სამსახურის დირექტორს, ფერნანდო ფერეირას.
ექსპერტი ამგვარ სცენარს „ბირთვულ ვარიანტს“ უწოდებს, რომელმაც, შესაძლოა, ნავთობის ბაზარს 4,5 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი დააკარგვინოს. მეორადმა ტარიფებმა აგრეთვე, შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების მოშლა გამოიწვიოს. „თქვენ ნავთობზე ფასების მკვეთრი მატებითა და მსოფლიო ეკონომიკის ჩამონგრევით რისკავთ“, – დასძინა ფერეირამ.
ცნობისთვის, ტრამპმა ივნისში განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ 100-პროცენტიან მეორად სანქციებს შემოიღებს, თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში წინსვლას არ დაინახავს. თეთრი სახლის ლიდერმა რუსულ მხარეს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად 50-დღიანი ვადა მისცა.