უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დაახლოებით 70 დეპუტატი უკმაყოფილოა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი კანონპროექტით, რომელიც ქვეყნის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის დაბრუნებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, 22 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალურ პროკურორს დაუქვემდებარა. ამ კანონს 262 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათგან 185 „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი იყო. საერთო ჯამში, მმართველ პარტიას პარლამენტში 235 კანონმდებელი ჰყავს.
24 ივლისს ზელენსკიმ უმაღლეს რადას ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის ნაწილში პროკურორის უფლებამოსილებას ზღუდავს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს 31 ივლისს უყრიან კენჭს, დეპუტატების უკმაყოფილების გამო განხილვის ვადამ, შესაძლოა, გადაიწიოს.
The Financial Times-ის ინფორმაციით, „ხალხის მსახურის“ 70-მდე დეპუტატი ზელენსკის კანონპროექტით უკმაყოფილოა, რადგან ფიქრობენ, რომ ორივე ანტიკორუფციული უწყება მათ დევნას დაიწყებს. „ადამიანებს შურისძიების მიზნით უსამართლო დევნის ეშინიათ“, – განუცხადა გამოცემას „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ბევრ ადამიანს ეშინია, რომ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზირებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ, შესაძლოა, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყონ. სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციული უწყებები გარკვეული დეპუტატების შესახებ მოკვლევას ნამდვილად აწარმოებენ.