თბილისის მერია თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე განმარტებას ავრცელებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.
აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან სამგორის რაიონის გამგეობამ მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ. ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ 9 მოქალაქე. მათთან ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიის მზრუნველობის სააგენტოს, რათა გაეწიათ დახმარება თბილისში რეგისტირებული პირებისთვის და მომხდარიყო სიცოცხლისთვის საშიში ავარიული კორპუსიდან მათი გადაყვანა უსაფრთხო გარემოში, ქირის უზრუნველყოფით.
ამჟამად, სამგორის რაიონის გამგეობას მიმართა მხოლოდ სამმა მოქალაქემ, რომელთაგან ერთს დაუდგინდა უძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი ორი უზრუნველყოფილი იქნება ქირით. ექვსმა მოქალაქემ განაცხადა უარი და დღემდე არ თანხმდება მუნიციპალიტეტის შეთავაზებას.
უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ამ ადამიანებს ბინების დასაქირავებლად სთავაზობდა 300 ლარს, ისიც მხოლოდ სამთვიანი ვადით. ეს არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მოქალაქეები თავად არჩევენ ბინებს, იდება ერთწლიანი ხელშეკრულება და ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხდება ხელშეკრულების გაგრძელება.
ამას გარდა, 2022 წლიდან, თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს უსახლკაროთა პროგრამა, რაც გულისხმობს უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას. თბილისში რეგისტირებულ ოჯახებს, რომელთაც აქვთ უსახლკაროს სტატუსი, მერია ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებელი ბინებით. 2025 წლის ბოლომდე ასეთი 400-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.
თბილისის მუნიციპალიტეტს ასევე გააჩნია მუნიციპალური თავშესაფარი, სადაც თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს შეუძლია ცხოვრება. თავშესაფარში შექმნილია საცხოვრებლად საჭირო ყველა შესაბამისი პირობა.
და ბოლოს, გაცნობებთ, რომ თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე ავარიული შენობები არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ეს არის კერძო ტერიტორია და თბილისის მერია შეჭრილი პირების გამოსახლების პროცესში არ მონაწილეობს, თუმცა, ცდილობს დაეხმაროს თბილისში რეგისტირებულ მოქალაქეებს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში, მოქმედი წესებისა და კანონის შესაბამისად.
რაც შეეხება დედაქალაქში რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეებს, მათ დახმარებას უწევენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები”, – აცხადებს დედაქალაქის მერია.