აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთთან ახლოს განლაგდნენ.
თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებები ბირთვულ მუქარასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ მედვედევმა „გამომწვევი“ განცხადებები გააკეთა, „რაც მას არ უნდა ექნა“.
„რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ახლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბჭოს ხელმძღვანელობს, მედვედევმა ბირთვულ იარაღზე საუბრისას ძალიან ცუდი რამ თქვა. ხოლო, როცა სიტყვა „ბირთვული“ გესმის, ჩემი თვალები ინთება და ვფიქრობ: „სიფრთხილეა საჭირო“, რადგან ეს უკიდურესი მუქარაა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ მედვედევის განცხადებების საპასუხოდ რეგიონში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი გააგზავნა, რადგან სურს დარწმუნდეს, რომ მედვედევის განცხადება მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე იმის შესახებ, ამერიკული წყალქვეშა ნავები რუსეთთან ახლა ახლოს არის, თუ არა, ტრამპმა თქვა: „დიახ, ისინი რუსეთთან ახლოს არის“.