„გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაც თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ეს არის იმის გამოხატულება, რომ ეს პროპაგანდა სრულად მხარდაჭერილია დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან.
„თქვენ ხედავდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორ ცდილობდა რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, რომ რაღაცნაირად სასაცილოდ აეგდოთ ეს თემა, რასაც ჰქვია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს აქ რისკები და პრობლემები არ არსებობს, თუმცა ხედავთ, რა ტენდენციებია მთელი ევროპის მასშტაბით, იგივე, რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობას, რაც შეეხება სქესის შესახებ პასპორტში ჩანაწერების მარტივად გადაკეთებას, ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ არასრულწლოვნების შვილად აყვანას და ა.შ. ყველა მიმართულებით არის კატასტროფული ვითარება ევროპის მასშტაბით. თითქმის აღარ დარჩა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი უკვე დანერგილი არ არის. ეს ყველაფერი ხდება დაჟინებული მოთხოვნით ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, რომ არსებობს კონკრეტული ხაზი, ვისაც ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“ და ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, ამ ძალას სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა. სტატისტიკა არის შემაშფოთებელი. ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ, შესაბამისი ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი, გამუდმებული, დაჟინებული პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას. რაც თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ეს არის იმის გამოხატულება, რომ ეს პროპაგანდა არის სრულად მხარდაჭერილი, სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ საზოგადოებებს ვერ იცავენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ან არ იცავენ, გააჩნია სად რა შემთხვევაა და უნდათ, რომ ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რისკები და პრობლემები არის სერიოზული, პროპაგანდას აქვს თავისი ძალა, ამიტომ უნდა დავუპირისპირდეთ მას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.