აგენტები ყველაფერს იტყვიან და გააკეთებენ იმისტვის, რომ თავიანთი აგენტობა გაამართლონ – რა შუაშია ვიზალიბერალიზაცია სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტებისთანავე სკოლებსა და ბაღებში აკრძალა ლგბტ პროპაგანდა, თუმცა, იმიტომ, რომ აშშ ძლიერი ქვეყანაა, ამაზე პასუხს ევრობიუროკრატები ტრამპს ვერ სთხოვენ.
„ენას ძვალი არ აქვს. აგენტები, რა თქმა უნდა, ყველაფერს იტყვიან და გააკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთი აგენტობა გაამართლონ და მიღებული დავალება შეასრულონ. რა შუაშია ვიზალიბერალიზაცია და მაგალითად, სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. აშშ-ში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა, ერთ-ერთი პირველი, რაც მიიღო აღმასრულებელი ბრძანებების სახით, სკოლებსა და ბაღებში აკრძალა ლგბტ პროპაგანდა. მაშინ ადგნენ ეს „ბიუროკრატები” და „დემოკრატიის დამცველები” და რეალურად პირიქით, თანამედროვე ბოლშევიკებად ქცეულები და პრეტენზიები განაცხადონ დონალდ ტრამპთან, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ გააკეთებენ და რატომ იცით? იმიტომ, რომ აშშ არის ძლიერი ქვეყანა, როგორც ეკონომიკური ასევე, არაეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ ვიღაცას საქართველო ჰგონია დაბალი დონე. კარგად დაფიქრდნენ, სანამ საქართველოზე განცხადებას გააკეთებენ“,- განაცხადა გორდულაძემ.