თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 7 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის kids.org.ge-ს საშუალებით. პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში.
„ჯამში, 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის თბილისის ბაღებში შესაძლებელი იქნება დამატებით 13 000-მდე აღსაზრდელის რეგისტრაცია, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობაა და ის ფაქტი, რომ მოთხოვნა საჯარო ბაღებზე დღითიდღე იზრდება, ადასტურებს ჩვენ მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე ინფრასტრუქტურული თუ მეთოდოლოგიური მიმართულებით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის ეფექტურობას,“ – განაცხადა თემურ თორდინავამ.