ეს აღმაშფოთებელი ტყუილია, – ასე ეხმაურება შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი უნგრელი კოლეგის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შვედეთი ადრე წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, დღეს კი შვედეთში ოჯახები შიშში ცხოვრობენ.
ულფ კრისტერსონი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი კანონის უზენაესობას თავად არღვევს და მისი განცხადებები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
„ეს აღმაშფოთებელი ტყუილია. გასაკვირი არ არის, რომ ეს იმ კაცისგან მოდის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კანონის უზენაესობას არღვევს. ორბანი უნგრეთში მომავალი არჩევნების წინ სასოწარკვეთილია“, – წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, რადგან იციან, რომ სისტემა მათ არ დასჯის.
„შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს. ამასობაში, „დი ველტის“ სტატიის თანახმად, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, რადგან იციან, რომ სისტემა მათ არ დასჯის. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, ახლა იშლება: მკვლელობისთვის 280-ზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს, ოჯახები კი შიშში ცხოვრობენ. ეს გულდასაწყვეტია. შვედი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ – დაწერა ორბანმა „იქსზე“.