აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ყარაბაღის რეგიონში სტუმრობის დროს კვლავ ისაუბრა ზანგეზურზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ყარაბაღსა და ზანგეზურში მშენებლობის მასშტაბებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
„ხუთ წელიწადში ჩვენ ავაშენეთ ქალაქები, სოფლები, ხიდები, გვირაბები, წყალსაცავები და ელექტროსადგურები. მთავარია, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა მშვიდად, ბედნიერად და მშვიდობიანად იცხოვროს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სომხეთს და მის უკან მდგომ ძალებს აზერბაიჯანისთვის მიწების დაბრუნების განზრახვა არ ჰქონდათ.
„ჩვენ მრავალი წელია, ვცდილობთ ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. თუმცა, სომხურ მხარეს, მათ, ვინც ამის უკან იდგა, სხვა განზრახვები ჰქონდათ. ისინი ჩვენი მიწების დაბრუნებას არ აპირებდნენ. მათ და მათ უკან მდგომ პირებს, დიდი სახელმწიფოების ლიდერებს, რომლებიც მათ ამხნევებდნენ, თითქოს ამ ოკუპაციის მუდმივობა სურდათ. მაგრამ მათ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს – აზერბაიჯანელი ხალხის ნება, სიმტკიცე, სამშობლოსადმი მათი ერთგულება, აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიმამაცე, გმირობა და ჩვენი ხალხის ერთიანობა. სომხეთის ხელმძღვანელობას ჩემი სიტყვები დროულად რომ მოესმინა და ჩვენი მიწები საკუთარი ნებით დაეტოვებინა, მეორე ყარაბაღის ომის, ანტიტერორისტული ოპერაციის საჭიროება არ იქნებოდა და სამ ათასზე მეტი მოწამე არ გვეყოლებოდა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.