აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ ლედისთან მელანია ტრამპთან ერთად დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ეს არის ტრამპის რიგით მეორე სახელმწიფო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. პირველი ვიზიტი მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს შედგა.
ვიზიტის ფარგლებში ბრიტანული და ამერიკული მხარეები რამდენიმე საინვესტიციო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, იუწყება სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა და დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რეიჩელ რივზმა ტრამპის ჩამოსვლამდე მოლაპარაკებები გამართეს და „ტრანსატლანტიკური სამუშაო ჯგუფის“ შექმნა დააანონსეს.
ტრამპს დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე უინძორების სასახლეში უმასპინძლებს. ტრამპი და მისი მეუღლე მელანია აგრეთვე დაპატიჟებულნი არიან სამეფო ცერემონიაზე, რომელიც ეტლით გასეირნებას, სახელმწიფო ბანკეტს, სამხედრო თვითმფრინავების შოუსა და ფოიერვერკებს გულისხმობს.
ხვალ ტრამპს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მე-XVI საუკუნის ჩეკერსის მამულში შეხვდება. მხარეები განიხილავენ ინვესტიციებს, ფოლადსა და ალუმინზე გადასახადებს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის შეწყვეტას და ვითარებას ღაზის სექტორში.