უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (AntAC) განცხადებით, მათ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ოჯახის 8 ელიტური უძრავი ქონება აღმოაჩინეს შეერთებულ შტატებში.
ორგანიზაციის მტკიცებით, საუბარია სამ ბინაზე ფლორიდაში, ერთ ბინაზე ნიუ-იორკში და ოთხ ვილაზე მაიამის მახლობლად.
ერთ-ერთი ბინა, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს, უმეროვის მეუღლეზე, ლეილა უმეროვაზე იყო რეგისტრირებული 2017 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ივლისამდე. ამ ქონების ღირებულება დაახლოებით 1.3 მილიონი დოლარია.
რუსტემ უმეროვის ძმასთან, ასლან ომერკირიმლისთან დაკავშირებული ფირმა ფლორიდაში სხვადასხვა უძრავი ქონების მფლობელია, რომელთა ღირებულება 691 ათასიდან 1.29 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი გასაჯაროვდა, უსაფრთხოების შესაძლო რისკების გამო.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში აღნიშნეს, რომ უმეროვის ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე საჯარო ინფორმაციის გამჟღავნება უსაფრთხოების კუთხით სენსიტიურია.