აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი ევროპა ჩინეთის წინააღმდეგ უფრო გადამწყვეტად იმოქმედებდა, პეკინი, შესაძლოა, რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტას აიძულებდა.
„თუკი ევროპა ჩინეთთან მიმართებით რაიმეს გააკეთებდა, ვფიქრობ, ჩინეთს, ალბათ, ომის შეჩერების იძულება შეეძლებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთანავე, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საშინელი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთი სძულთ.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პუტინით „იმედგაცრუებულია“ და აღიარა, რომ ფიქრობდა, „უკრაინაში ომი ყველაზე იოლი გადასაწყვეტი იქნებოდა“.
„ვფიქრობდი, რომ ყველაზე მარტივი [მოსაგვარებლად] რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობა მაქვს. ამიტომაც ვარ იმედგაცრუებული“, – განაცხადა მან.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთში რუსული დრონების შეღწევა უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლის დაკარგვამ გამოიწვია.
„ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ, ისინი მწყობრიდან გამოიყვანეს. დრონზე ყველაზე დიდი შეტევა მისი მწყობრიდან გამოყვანაა“, – აღნიშნა ტრამპმა.