ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ საქართველოს გადარჩენის საქმეს არ უნდა მოკიდოს ხელი იმან, ვისი ავტორიტეტიც არის შელახული, ვისაც საზოგადოება არ ენდობა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა გადაცემაში „ საჯარო პოლიტიკა“.
ახვლედიანის განცხადებით, პროექტის მოთავეები უნდა იყვნენ ის პირები, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობით სარგებლობენ.
„4 ოქტომბერთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ პროცესი 4 ოქტომბრის იქნება 5-ის, 3-ის, თუ ერთი კვირის შემდეგ იყოს რაციონალური, შედეგიანი და გათვლილი იმაზე, რომ მოხდეს მშვიდობიანი გზით ამ რეჟიმის დემონტაჟი. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ კი ამ პროექტის მოთავეები იქნებიან საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, ჯერ-ჯერობით ეს ასე არ არის. ვის ეწყინება არ მაინტერესებს. ვინ იქნება მომწოდებელი იმის მიხედვით გადაწყდება ჩემი და უამრავი ადამიანი ამის მიხედვით გადაწყვეტს იმას, სად უნდა იდგეს.
ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ საქართველოს გადარჩენის საქმეს არ უნდა მოკიდოს ხელი იმან, ვისი ავტორიტეტიც არის შელახული, ვისაც საზოგადოება არ ენდობა, ან აღარ ენდობა“,- აცხადებს ახვლედიანი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, პოლიტიკურ პროცესის სათავეში პაატა ბურჭულაძის დგომასთან დაკავშირებით, ხომ არ აქვს ახვლედიანს კითხვები, მან უპასუხა, რომ: მას „ნაციონალური მოძრაობის“ პროცესების სათავეში ყოფნა არ მიაჩნია სწორად.
„პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის სათავეში უნდა იყოს ასევე „ნაციონალური მოძრაობა“. არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი. ეს არ არის პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტა საკითხისა“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.