ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, ლაშა კვირკვაია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“არ მეგონა თუ ჩემს საქმეზე კიდევ ერთხელ დავწერდი, მაგრამ დღეს ისეთი საოცრების მომსწრე გავხდი, თავი ვერ შევიკავე. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც კატეგორიულად განაცხადეს, რომ ადვოკატმა მდინარაძემ მიიყენა თვითდაზიანებები და ისინი ამის უშუალო თვითმხილველები არიან. საქმეზე ასევე დაიკითხა ადვოკატი მდინარაძე და მისი მეუღლე, რომლებმაც განაცხადეს, რომ მდინარაძეს დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებმა. შესაბამისად, გამოძიების დროს გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც განსხვავებულ ვერსიას აწვდიდნენ გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პროკურატურამ იმოქმედა კანონის შესაბამისად და სიმართლის გასარკვევად 2015 წლის 20 ნოემბერს დანიშნა კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტიზას უნდა დაედგინა, მდინარაძემ დაზიანებები მიიღო მის მიერ აღწერილ ვითარებაში, თუ პოლიციელების მიერ აღწერილ ვითარებაში. ექსპერტიზის დანიშვნიდან დღემდე გავიდა 1 წელი და 5 თვე. დღეს სასამართლოში დაიკითხა საქმის გამომძიებელი ლევან ვერულაშვილი, რომელმაც ჩვენს კითხვას, თუ რატომ არ დაიდო ექსპერტიზის დასკვნა წელიწადნახევრის განმავლობაში, უპასუხა, რომ ექსპერტიზის დასკვნა თვეების წინ მოვიდა პროკურატურაში. მომდევნო კითხვას, თუ რატომ მალავას პროკურატურა ამ დასკვნას და რატომ არ გაგვიცვალეს პირველივე შესაძლებლობისთანვე გამომძიებელს პასუხის გაცემა დაასწრო პროკურორმა და განაცხადა, რომ ის არ თვლის აღნიშნული დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენას საჭიროდ. მოკლედ და მარტივად, პროკურატურას პირდაპირ ჩაუწერეს დასკვნაში, რომ მდინარაძეს დაზიანებები არ მიუღია მის მიერ აღწერილ ვითარებაში, მოკლედ და მარტივად პროკურატურამ 100%-ით იცის, რომ უდანაშაულო ვარ, მაგრამ მაინც ჯიუტად არ ამბობს ბრალდებაზე უარს და ბაცაცა ხრიკებით ცდილობს ციხეში გამიშვას. 8 წელი ვიძიებდი სისხლის სამართლის საქმეებს და მსგავსი რამ არამცთუ არ მინახავს, არც კი მსმენია. არ მსმენია პროკურატურას ასე გაექროს საქმიდან მთავარი მტკიცებულება, მტკიცებულება რომელსაც რეალურად უნდა გაერკვია მტყუან- მართალი. მეგონა, გამოძიებაში ჩემთვის საიდუმლო არაფერი იყო დარჩენილი, მაგრამ საიდუმლო კიარა წყალქვეშა კუნძულები ჰქონიათ. გულწრფელად გაოცებული ვარ, აქამდე ვფიქრობდი, რომ სიტუაციის მსხვერპლი ვიყავი, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება, რომ ვიღაცეები ვერ ივიწყებენ კონკრეტულ რაღაცეებს და პიროვნული მოტივები ამოძრავებთ ჩემს წინააღმდეგ”, – წერს კვირკვია.