შეიარაღებული დაპირისპირების გამო, პაკისტანმა ავღანეთთან დამაკავშირებელი სასაზღვრო პუნქტები დახურა.
„როიტერის“ ინფორმაციით, დახურულია პაკისტანის ორი მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ავღანეთთან, ტორხამსა და ჩამანში, ასევე, სულ მცირე, სამი მცირე გამშვები პუნქტი: ხარლაჩი, ანგურ ადდა და გულამ ხანი.
ქაბულს საზღვრის დახურვასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.
ზღვაზე გასასვლელის არმქონე ავღანეთს პაკისტანთან 2 600 კმ-ის სიგრძის საზღვარი აქვს. პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, პაკისტანის საჰაერო დარტყმები ქაბულში ტერორისტული დაჯგუფება „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანის“ ლიდერის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა გაურკვეველია, გადარჩა თუ არა ის.
დასავლური მედიის შეფასებით, „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანი“ იბრძვის ისლამაბადის მთავრობის დამხობისა და მისი მკაცრად ისლამური მმართველობის სისტემით ჩანაცვლებისთვის.
დღეს თალიბებმა განაცხადეს, რომ თავდასხმები კატარისა და საუდის არაბეთის მოთხოვნით შეწყვიტეს.
„ავღანეთის ტერიტორიის არცერთ ნაწილში არანაირი საფრთხე არ არსებობს. ისლამური საამირო და ავღანეთის ხალხი დაიცავს თავის მიწას. თავდაცვის ამ საკითხში მტკიცედ და ერთგულად გააგრძელებს მოქმედებას“, – განაცხადა „თალიბანის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.