საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანს სომეხი კოლეგა სურენ პაპიკიანი მასპინძლობს.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა სომხეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებზე გაამახვილა.
თავდაცვის მინისტრების საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა წარმოადგენდა. ირაკლი ჩიქოვანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ისტორიული მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
დელეგაციებს შორის გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.