გერმანიაში გადაარჩინეს დღენაკლული გოგო, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა.
ეს მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. ბავშვი ვადაზე 16 კვირით ადრე დაიბადა. თანამედროვე აპარატურისა და სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, ბავშვი გადარჩა. კლინიკის ცნობით, გოგონა ახლა დაახლოებით 2 წლისაა, სრულიად ჯანმრთელი და აქტიურია.
ახალშობილმა 7 კვირა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გაატარა. ის კვებას ინფუზიების მეშვეობით იღებდა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელსაც ნეონატოლოგების, თერაპევტებისა და ექთნების გუნდი უზრუნველყოფდა.
ოჯახმა სახლში დაბრუნება მშობიარობის სავარაუდო თარიღიდან მხოლოდ 9 კვირის შემდეგ შეძლო. სერიოზული გართულებები არ ყოფილა – ბავშვს მხედველობაც კი შეუნარჩუნდა და სათვალის ტარებაც არ დასჭირდება.
გერმანულ კლინიკაში აღნიშნეს, რომ ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაში, 300 გრამი წონით დაბადებული ბავშვების გადარჩენის შანსი დაახლოებით 25%-ს შეადგენს.
