საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აჟღერებს ქართველი ხალხის სურვილს და ქართველი ხალხი ელის ევრო ბიუროკრატებისგან 4 ოქტომბრის ობიექტურ შეფასებას, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, თითოეული დღე, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის შეფასება, ნიშნავს, რომ ევროპელი ფუნქციონერები დგანან ძალადობის, ექსტრემიზმისა და შიდა ტერორიზმის მხარეს.
„სამწუხაროდ, ჩვენ ამის კონკრეტული მაგალითებიც ვნახეთ, როდესაც ევროკავშირის ელჩი პასტორალურ ჟანრში ამყარებდა ურთიერთობას იმ ადამიანთან, რომელიც პირდაპირ ახდენდა ძალადობის პროპაგანდას. სხვებს მოუწოდებდა ძალადობისკენ, თუ როგორ უნდა დაამზადონ „მოლოტოვის კოქტეილი“ და როგორ უნდა გამოიყენონ ის, ადამიანებს ცეცხლი როგორ წაუკიდონ, გასცემდა ამის ინსტრუქციებს და თურმე ასეთი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლი ყოფილა.
როდესაც ხდება ძალადობა და გაუგონარი ძალადობის სურვილი იყო 4 ოქტომბერს, როდესაც დესტრუქციულმა ძალებმა სცადეს საქართველოს დამხობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ გამოუვიდათ, ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა დემოკრატიამ და სუვერენიტეტმა იმ დღეს. სწორედ ჩვენი სახელმწიფო უწყებების ეფექტური, გამართული მუშაობით მოხდა ის, რომ ჩვენ ავირიდეთ ქაოსური ვითარება ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალადობის პირდაპირი წახალისება.
იონათამიშვილმა ასევე განმარტა, რომ ვინც არ ახდენს ამის შეფასებას, ის კოლექტიური იუკნევიჩიენეს ნაწილი ხდება ევროპულ სტრუქტურებში.
„ჩვენი საზოგადოება მოელის, რომ მოხდეს ობიექტური შეფასება. ეს შეფასება სჭირდება თვითონ ევროკავშირს, ვინაიდან როდესაც არეულობას ნერგავ სხვა ქვეყანაში, საბოლოო ჯამში საკუთარ რიგებში იღებ ამ არეულობას“, – დასძინა რატი იონათამიშვილმა.
