ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.
უფლებამოსილი პირის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ექვს ჰერმეტულ შეფუთვაში განთავსებული 1 კილოგრამი და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა”.
სამართალდარღვევის მეორე ფაქტი, მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერებისას, გამოვლინდა. კერძოდ, საეჭვო შიგთავსის აღმოჩენის შემდეგ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც თელავივი – თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 91 ცალი ელექტროსიგარეტი აღმოაჩნდა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
