სპეციალური პენიტენციური სამსახური ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ ინფორმაციას.
კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს.
გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. მსჯავრდებულმა ზურაბ ჯაფარიძემაც დაწესებულების დატოვებისას თან წაიღო საკუთარი ტანსაცმელი.
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, შესაბამისად, გაურკვეველია რას ეფუძნებოდა მსჯავრდებულის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მას პენიტენციური დაწესებულება უნდა დაეტოვებინა 10:30 საათზე. ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე.
პენიტენციურ დაწესებულებაში, დაწესებულების დღის განრიგის შესაბამისად, მუშაობა იწყება 08:00 საათზე. მსჯავრდებული ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების მოგვარებას დასჭირდა მცირე დრო და ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით დაახლოებით 08:30 საათზე. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ იმგვარი განცხადების გავრცელებისგან, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს რაიმე სახით ან ფორმით სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „რამდენიმე დღის წინ ვიკითხე, ზუსტად რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს, რომ მზად უნდა ვყოფილიყავი დაახლოებით 10:30 საათისთვის, მაგრამ ისე მოხდა, რომ დილას 08:00 საათზე გადმომდგეს გარეთ. არაფერი აუხსნიათ“.

