ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერილს აქვეყნებს სადაც ამბობს, რომ „იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ ხდება მედიის მონოპოლიზაცია, ყველა არხის ერთ ხმაში, ერთი და იმავე ტექსტებით ამეტყველება, კვლავ საქართველოში უნდა ვეძიოთ“. ის „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდს იხსენებს, სადაც ყველა მსხვილი სატელევიზიო არხი მმართველი პარტიიდან იმართებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში, ფაქტობრივად, ყველა მსხვილი, სატელევიზიო არხი ერთი ხელით, მმართველი პარტიიდან იმართებოდა და მისი პიარ-სამსახურის გაგრძელებას წარმოადგენდა. არსებობდა მხოლოდ ორი ფსევდოოპოზიციური არხი – „კავკასია“ და „მაესტრო“, რომლებსაც საზოგადოების თვალში ზედმეტად არასერიოზული იმიჯი გააჩნდათ და იუმორისტულ კატეგორიებში განიხილებოდა. ამ პირობებშიც კი, ისინი მაინც ვერ ახერხებდნენ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლიდან გასვლას, უბრალოდ, საკუთარ როლს კარგად ასრულებდნენ, მაშინდელი ხელისუფლება კი, ამ არხების გამოყენებით ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობის შირმას ქმნიდა.
საინტერესოა, რომ ასეთი გარემოს გათვალისწინებით, ევრობიუროკრატები, კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები საქართველოზე, როგორც მედიაპლურალიზმის საუკეთესო მაგალითზე ხშირად საუბრობდნენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, ამ ყველაფრის უზრუნველყოფისთვის აქებდნენ და მადლობას უხდიდნენ.
ამის საპასუხოდ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მედია რეალურად გათავისუფლდა. დღეს, ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, მედიასაშუალებების რეგისტრაციისა და ფუნქციონირებისთვის, ბარიერები ფაქტობრივად არ არსებობს. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში მოქმედებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც მაქსიმალურად ღიაა. გვხვდება არაერთი კერძო სატელევიზიო არხი, მათ შორის ტენდენციური, სუბიექტური თუ ობიექტური, ოპოზიციურად განწყობილი თუ ხელისუფლების მხარდამჭერი. გვხვდება არხები, რომლების სარედაქციო პოლიტიკაც რადიკალიზმზე, სიცრუესა და სკანდალების ხელოვნურად აგორებაზეა დაფუძნებული, თუმცა, მათ ფუნქციონირებას არავინ უშლის ხელს!
ამ თვალსაზრისით, საქართველოში, მართლაც ეტალონური მოცემულობა გვაქვს, თუმცა, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისგან, ჩვენს ქვეყანას მედიაგარემოს გაუარესების გამო აკრიტიკებენ. ოლიგარქიული ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილობრივი თუ უცხოელი აქტორებისთვის, დამოუკიდებელი, ობიექტური და სიმართლის სამსახურში მდგარი მხოლოდ ის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებია, რომელიც აგენტურის ხელით იმართება, სხვა ყველა დანარჩენი კი, მიტაცებულად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, თუ რეალურად რომელი მათგანი ავრცელებს სიყალბესა და ე.წ. „ფეიკნიუსებს“- ვკითხულობთ წერილში.
შათირიშვილის თქმით, „ფაქტია, რომ ხელისუფლების ყველა შტო, მედია და საზოგადოებრივად აქტიური ნებისმიერი ინდივიდი, თუ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არ ექვემდებარება, ზეწოლის, დაცინვისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი უნდა იყოს, ეს ყველაფერი კი „სიტყვის თავისუფლების“ იდეით უნდა შეიფუთოს!“
„სიტყვის თავისუფლების ამგვარი გაგება „დიპ სტეიტს“ საშუალებას აძლევს, პროცესებისა და კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციით ხელოვნური პოლარიზაცია შექმნას და შეინარჩუნოს. ისინი ცდილობენ, ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფებისგან შემდგარ, დაქსაქსულ ხალხში ქაოსი და აგრესია დაამკვიდრონ, რათა სხვადასხვა პოლუსებად დაყოფილ, არაერთიან, გაურკვევლობაში მყოფ საზოგადოებაში საკუთარ მიზნებს მარტივად მიაღწიონ. სწორედ ამიტომ გვისახავენ სიტყვის თავისუფლების ეტალონად გია ნოდიას, რომლის აზრითაც, აღნიშნული ცნება შეზღუდულია, თუკი შეურაცხყოფის მიყენება და ლანძღვა დაშვებული არ არის!
მზია ამაღლობელი, სწორედ ამიტომ აქციეს სიტყვის თავისუფლების სიმბოლოდ, – არად აგდებენ იმას, რომ პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, შემდეგ კი საპროცესო გარიგებაზე უარი განაცხადა და ცრუობენ, თითქოს, ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაპატიმრებული. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების საუკეთესო ტრადიციების შესაბამისად, გადასცემენ არაერთ საერთაშორისო ჯილდოს, საუბრობენ მის გმირობასა და თავგანწირვაზე და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სამსახურშია! ეს ტენდენცია კარგად ჩანს, არამხოლოდ პოლიტიკოსების, ე.წ. აქტივისტებისა და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების, არამედ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების – მსახიობების, მომღერლების თუ მხატვრების შემთხვევაშიც. უკვე წლებია, ფაქტობრივად, ვერც ერთი ის ხელოვანი, რომელიც ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს არ იზიარებს, ე.წ „მეინსტრიმულ“ იდეოლოგიას არ მიჰყვება და გავლენიანი ოლიგარქიული ძალების ნარატივს რაიმე ფორმით არ ავრცელებს, არათუ რაიმე პრიზსა და ჯილდოს ვერ იღებს, არამედ შემოქმედებითი პროცესიდან მაქსიმალურად არის ჩამოშორებული.
ფაქტია, „დიპ სტეიტი“ ყველა დონეზე შემდეგი ლოგიკით მოქმედებს – თუკი მათ სამსახურში ხარ და უპირობოდ ემორჩილები, მანამდე, სანამ სჭირდები, მაქსიმალურად ხელს გიწყობს და გახალისებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ მათ გეგმებს მინიმალურად მაინც ეწინააღმდეგები, მუდმივი დევნის, შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის თავდასხმების მსხვერპლი ხარ!“– წერია ზაზა შათირიშვილის წერილში.

