აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „მშვიდობის საბჭოს“ შექმნას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს აკონტროლოს და გარანტია გაუწიოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას.
მედიის ცნობით, მშვიდობის საბჭო ღაზაში შექმნილი საბჭოს მსგავსი იქნება.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც აშშ-თან მოლაპარაკებებში მონაწილეობს, განაცხადა, რომ ცალკე საბჭო რუსეთთან ომის შეწყვეტის წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში, სავარაუდოდ, შევლენ უკრაინის, ევროპის, ნატო-სა და რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც განახორციელებენ კონტროლს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე. მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს არ დაუზუსტებია, იქნება თუ არა ეს საბჭო უფრო ფართო ორგანოს მიერ კონტროლირებული.
ასევე ცნობილია, რომ „მშვიდობის საბჭოს“ შექმნას აშშ განიხილავს ვენესუელასთან დაკავშირებითაც.
