საფრანგეთის პარლამენტში მომზადდა რეზოლუცია ქვეყნის ნატოდან გასვლის შესახებ აშშ-ის პოლიტიკასთან უთანხმოების გამო. ამ საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დეპუტატი კლემანს გეტე.
როგორც გეტემ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთში ნატოდან გასვლის საკითხი დიდი ხანია, განიხილება, თუმცა ახლა, როდესაც შეერთებული შტატები „ღიად იმპერიულ პოლიტიკას“ ატარებს, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
კერძოდ, გეტემ ახსენა „ვენესუელის პრეზიდენტის უკანონო გატაცება“, გრენლანდიის ანექსიის მუქარა, ასევე „მტაცებლური სავაჭრო შეთანხმებები“, რომლებიც, მისი აზრით, ევროკავშირს ზეწოლის შედეგად მოახვიეს თავს.
გარდა ამისა, პოლიტიკოსმა გაიხსენა ნატო-ს წევრი ქვეყნებისადმი მოთხოვნა, თავდაცვით ხარჯებზე მშპ-ის არანაკლებ 5%-ის გამოყოფის შესახებ, რაც, მისი შეფასებით, პირველ რიგში, აშშ-ის სამხედრო მრეწველობისთვისაა ხელსაყრელი.
გეტეს აზრით, აშშ ღიად ახდენს გავლენას ევროპის არჩევნებზე ულტრამემარჯვენე ძალების სასარგებლოდ.
ყველა ეს ფაქტორი, ამბობს გეტე, მიუთითებს იმაზე, რომ აშშ „ოფიციალურად თავისუფლდება საერთაშორისო სამართლისგან და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებისგან“ და ფაქტობრივად ევროკავშირს საკუთარ ვასალად აქცევს.
ამ ვითარებაში, პოლიტიკოსის განცხადებით, საფრანგეთისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დარჩენა „არასასურველი და მიუღებელია“. ასეთი წევრობა, მისი თქმით, საფრანგეთს მნიშვნელოვან რისკებს უქმნის და შეიძლება, ქვეყანა ჩაერთოს კონფლიქტებში, რომელიც ეწინააღმდეგება საფრანგეთის ინტერესებს, პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.
გეტეს აზრით, ნატოდან გასვლა საფრანგეთს საშუალებას მისცემს, „აღადგინოს თავისი სამხედრო და დიპლომატიური დამოუკიდებლობა და კვლავ გახდეს მიუმხრობელი სახელმწიფო“. მისი თქმით, ქვეყანა იზოლაციაში არ აღმოჩნდება, არამედ გააძლიერებს თავის გავლენას მრავალმხრივ ფორმატებში, ეკოლოგიური დღის წესრიგის, განიარაღებისა და საზოგადოებრივი სიკეთეების დაცვის ხელშეწყობის გზით.
როგორც Berliner Zeitung წერს, საფრანგეთში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის ანალიზი აჩვენებს, რომ ასეთი კურსის ცვლილება არარეალური არ არის. მემარცხენე ძალების ალიანსი, რომლის წევრიც არის „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“, ამჟამად ყველაზე ძლიერი საპარლამენტო ჯგუფია ეროვნულ ასამბლეაში.
ნატო-ს წლების განმავლობაში აკრიტიკებენ საფრანგეთის მემარჯვენეებიც, მათ შორის მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“, რომელსაც პარლამენტში მანდატების მეოთხედზე მეტი აქვს. გამოცემა ასევე წერს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კრიტიკით არაერთხელ გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.
