სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მან ვაშინგტონში ამერიკულ მხარესთან ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ფიცოს თქმით, აღნიშნული შეთანხმება ამერიკულ კომპანია Westighouse-ს შესაძლებლობას მისცემს სლოვაკეთში მოქმედი ატომური ელექტროსადგურისთვის ახალი ენერგობლოკი ააშენოს.
აღსანიშნავია, რომ დღეს ფიცო აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უნდა შეხვდეს. თეთრი სახლის ლიდერი სლოვაკეთის პრემიერს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლებს.
„ვაშინგტონიდან ჩვენ აშშ-ის სამხრეთით მივემგზავრებით ამერიკის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი ვაშინგტონში მოვაწერეთ, და რომელიც ბირთვული ენერგეტიკის სფეროში სლოვაკეთისა და ამერიკის მთავრობებს შორის თანამშრომლობის საფუძველი გახდება“, – განაცხადა ფიცომ.
