საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უარი თქვა დონალდ ტრამპის შეთავაზებაზე „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ, რომელსაც ღაზაში შემდგომი ნაბიჯების ზედამხედველობა ევალება. ამის შესახებ ინფორმაცია მაკრონის ადმინისტრაციამ ორშაბათს გაავრცელა.
გადაწყვეტილება მიღებული იყო იმ შეშფოთების გამო, რომ ტრამპის თავმჯდომარეობით მოქმედ „მშვიდობის საბჭოს“ ექნება ფართო უფლებამოსილებები, რაც გასცდება ღაზის სექტორის გარდამავალ მმართველობას და ძირს გამოუთხრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო-სტრუქტურას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს წესდება „სცილდება ღაზის სექტორის ჩარჩოებს და ბადებს სერიოზულ კითხვებს, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებთან და სტრუქტურასთან დაკავშირებით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება“.
გასულ პარასკევს ტრამპმა გამოაცხადა საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც მან დაახასიათა როგორც „ყველაზე დიდი და პრესტიჟული საბჭო, რომელიც კი ოდესმე, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეკრებილა“.
აღნიშნული საბჭო ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების მისი 20-პუნქტიანი გეგმის საკვანძო ნაწილია. კომიტეტი, რომელსაც თავად ტრამპი უხელმძღვანელებს, ღაზის გარდამავალ მმართველობას გაუწევს ზედამხედველობას.
