ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ წევრმა, კინგა გალმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კომისიის მთელი შემადგენლობა უნდა წავიდნენ.
აღნიშნული განცხადება გალმა ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე დებატების დროს გააკეთა. ფონ დერ ლაიენისა და მისი კომისიის გადადგომა სამმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოითხოვა. „პატრიოტები ევროპისთვის“, „ევროპელი კონსერვატორები“ და „რეფორმისტები“, ასევე, „სუვერენულ ერთა ევროპა“ ევროკომისიის პრეზიდენტს „მერკოსურის“ სავაჭრო შეთანხმების გამო ევროპელი ფერმერების საქმიანობისთვის ძირის გამოთხრასა და დემოკრატიული პროცედურების გვერდის ავლაში ადანაშაულებენ. თავად ფონ დერ ლაიენი დებატებს არ დაესწრო.
„ჩვენი პოლიტიკური ჯგუფისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ამ დებატებს პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი არ ესწრება. ის ამით უგულებელყოფს იმ ათასობით ფერმერს, რომლებიც ქუჩაში საპროტესტო აქციებს აწყობენ. ევროპელ ფერმერებს სრული უფლება აქვთ პროტესტის, ვინაიდან კომისიამ ისინი „მერკოსურის“ შეთანხმებით კიდევ ერთხელ დააღალატა. ჩვენ, „პატრიოტები“, ათასობით ფერმერი და ჩვენი მილიონობით ამომრჩეველი ვაცხადებთ, რომ გვჭირდება მიმართულების შეცვლა და ახალი მმართველობა, რომელიც ევროპელ ხალხს ემსახურება და არა ბრიუსელს. ევროკომისია და ურსულა ფონ დერ ლაიენი უნდა წავიდნენ“, – განაცხადა კინგა გალმა.
