აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უფრო აგრესიული და ამბიციური ჩადის, ვიდრე ოდესმე. სტატიას ამ სათაურით გამოცემა Axios-ი აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი დავოსში ჩადის თავდაჯერებული. მას სჯერა, რომ შეუძლია გავლენა მოახდინოს გლობალურ საკითხებზე და მზადაა გააკრიტიკოს და დააშინოს ნებისმიერი, ვინც მას წინ აღუდგება.
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპმა აჩვენა, რომ მას აშშ-ის დომინირება მხოლოდ ახალ ამბებში აღარ მოსწონს, მას მსოფლიოში დომინირება სურს, წერს Axios-ი.
ტრამპი შვეიცარიაში მიემგზავრება მას შემდეგ, რაც დანიას და ნატოს შვიდ მოკავშირეს ტარიფებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ გრენლანდიის გადაცემის საკითხი 1 თებერვლამდე არ მოგვარდება, აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან ერთად, ტრამპი დავოსში ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ უფლებამოსილების გაფართოების შესახებ გააკეთებს განცხადებას. აშშ-ის მოკავშირეების ნაწილი აღნიშნულს განიხილავს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ალტერნატივის შექმნის მცდელობას, სადაც თეთრი სახლის ლიდერს ვეტოს უფლება ექნება.
„მშვიდობის საბჭო“ მხოლოდ ღაზით არ შემოიფარგლება. ის იქნება მსოფლიოს „მშვიდობის საბჭო“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს.
„პრეზიდენტი, პირველ რიგში, კონცენტრირებულია ჩვენს ნახევარსფეროზე, მაგრამ მისი მზერა მთელ მსოფლიოზეა მიმართული. არ ვიტყოდი, რომ მას მსოფლიოში ბატონობა აქვს აკვიატებული. მისთვის ამერიკა პირველ ადგილზეა, ხოლო ამერიკა მსოფლიო ლიდერად რჩება“, – დასძინა მან.
