რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კიევს „ჰუმანიტარული კატასტროფისკენ“ მიაქანებს, ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საზოგადოება მას შემდეგ უთხრა, რაც ღამის განმავლობაში განხორციელებულმა მასშტაბურმა რუსულმა იერიშებმა ქალაქის ნახევარი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დატოვა. სტატიას ამ შინაარსით გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მერმა მოსახლეობას ურჩია, „დატოვონ ქალაქი, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ“, მაშინ, როცა საგანგებო სამსახურები თოვლით დაფარულ კიევში ელექტრომომარაგების აღდგენას ცდილობდნენ. კლიჩკო დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებს შეუერთდნენ იმ 600 000 ადამიანს, ვინც უკვე დატოვა კიევი.
ტემპერატურა მინუს 18 გრადუსამდე დაეცა და მოსალოდნელია, რომ ეს მდგომარეობა სულ მცირე ორი კვირა გაგრძელდეს.
„სიტუაცია კრიტიკულია საბაზისო მომსახურებებთან დაკავშირებით – გათბობა, წყალი, ელექტროენერგია. ამჟამად 5 600 საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშეა,“ – განუცხადა კლიჩკომ The Times-ს. მისი თქმით, ხელისუფლება იძულებული გახდა კიევის დიდი ცენტრალიზებული გათბობისა და წყალმომარაგების სისტემა დაენგრია, რათა წყლის გაყინვა და ამით გამოწვეული მილების გასკდომა თავიდან აეცილებინა.
დედაქალაქი 9 იანვრიდან, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის გათიშვისა და არასაკმარისი გათბობის პრობლემების წინაშე დადგა, რაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთრის პერიოდის დაწყებას დაემთხვა.
სამშაბათს გამთენიისას, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე დაახლოებით 470 დრონით, 47 ფრთოსანი და ერთი ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში. ამ თავდასხმამ აზრი დააკარგვინა ენერგოსისტემაზე ჩატარებული ყველა სარემონტო სამუშაოს, რომელიც წინა დარტყმის შემდეგ იყო შესრულებული.
კლიჩკოს თქმით, ორივე შემთხვევაში რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა კიევში მდებარე თბოელექტროსადგურს დაარტყა. „რუსებს სურთ ჩვენს მშობლიურ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნან, რათა ხალხი ზამთარში გაყინონ,“ – განაცხადა მან.
“ზელენსკიმ სცადა ქალაქში ხანგრძლივი გათიშვების გამო პასუხისმგებლობა კლიჩკოსთვის დაეკისრებინა და განაცხადა, რომ კიევი ნაკლებად იყო მომზადებული, ვიდრე ხარკოვი – ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 12 მილში მდებარეობს“, – წერს The Times-ი.
კლიჩკომ ამ ბრალდებას უპასუხა და თქვა, რომ პრეზიდენტის მხრიდან „გონივრული არ არის“ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაპირისპირების შექმნა იმ დროს, როდესაც ერთიანობა განსაკუთრებით საჭიროა. მან ეს განცხადება კიევის მერიიდან გააკეთა, სადაც თანამშრომლებს ტუალეტით სარგებლობა აეკრძალათ, წყლის არარსებობის გამო. კლიჩკოს თქმით, ზელენსკიმ უარი თქვა მის თხოვნებზე შეხვედრის შესახებ, რათა კრიზისი განეხილათ, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის წარმოება და საჰაერო თავდაცვა ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
