ტრამპის ადმინისტრაცია კუბაში რეჟიმის შეცვლის მიზნით ახალ ტაქტიკას განიხილავს, რაც მოიცავს ნავთობის იმპორტზე სრული ბლოკადის დაწესებას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების განცხადებით, ამგვარ ესკალაციას ადმინისტრაციაში კუბის მთავრობის ზოგიერთი კრიტიკოსი ითხოვდა, რასაც მხარი დაუჭირა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
აღნიშნული ნაბიჯის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ის შესაძლოა აღმოჩნდეს იმ ქმედებათა ნუსხაში, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წარედგინება.
კუნძულისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების აღკვეთა იქნება ტრამპის განცხადების კიდევ უფრო გამკაცრება, რომლის მიხედვითაც, აშშ შეაჩერებს კუბის მიერ ნავთობის იმპორტს ვენესუელიდან – ქვეყნიდან, რომელიც კუბისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელი იყო.
