კანადა არ აპირებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.
როგორც კარნიმ აღნიშნა, ამის გაკეთება USMCA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად არ შეუძლია. ეს არის სამმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მექსიკას, აშშ-სა და კანადას შორის.
კარნიმ განაცხადა, რომ ჩინეთთან მისი შეთანხმებები მხოლოდ პეკინსა და ოტავას შორის პრობლემურ სავაჭრო საკითხებს აგვარებდა.
„ჩვენ გამოვასწორეთ ჩინეთთან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოშობილი ზოგიერთი პრობლემა“, – განაცხადა კარნიმ.
მისი თქმით, კანადა პატივს სცემს კანადა-აშშ-მექსიკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომელიც ავალდებულებს სამი ქვეყნიდან ნებისმიერს, წინასწარ აცნობოს დანარჩენებს, თუ მათ სურთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება არასაბაზრო ქვეყანასთან, მაგალითად, ჩინეთთან.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადას 100-პროცენტიანი ტარიფებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს. მანამდე კანადამ და ჩინეთმა ტარიფების შემცირების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან.
