მინეაპოლისში ალექს პრეტის მკვლელობაში მონაწილე სასაზღვრო პატრულის აგენტები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, – ამის შესახებ „სიენენს“ საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა. აღნიშნული ინფორმაცია საბაჟო და სასაზღვრო პატრულის წარმომადგენელმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს „სტანდარტული პროტოკოლია“.
ამასთან, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ, რომელიც ამჟამად მინეაპოლისში იმყოფება, განაცხადა, რომ დღეს გამართულ აქციაზე 16 ადამიანი დააკავეს.
„ფედერალურმა აგენტებმა მინესოტაში 16 დემონსტრანტი დააკავეს ფედერალური სამართალდამცავი ორგანოებზე სავარაუდო თავდასხმისთვის“, – განაცხადა ბონდიმ.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ დემონსტრანტებს კიდევ დააკავებენ, რადგან აქციები გრძელდება.
„მე ეს ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი: ვერაფერი შეაჩერებს პრეზიდენტ ტრამპს და იუსტიციის ამ დეპარტამენტს კანონის აღსრულებაში“, – წერს ბონდი.
ცნობისთვის, მინეაპოლისში მეორე შემთხვევაა, როდესაც ფედერალურმა აგენტებმა ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი.
