აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის 6,67 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
სამხედრო შეიარაღების პაკეტი მოიცავს „აპაჩის“ ტიპის 30 ერთეულ დამრტყმელ ვერტმფრენს და შესაბამის აღჭურვილობას, აგრეთვე 3 250 მსუბუქ ტაქტიკურ ავტომობილს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამხედრო შეიარაღება ისრაელზე ოთხ სხვადასხვა პაკეტად გაიყიდება და ეს ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და ირანზე აშშ-ის სავარაუდო სამხედრო თავდასხმის ფონზე მოხდება.
გარიგების ყველაზე დიდ პაკეტს წარმოადგენს რაკეტების გამშვები და დამიზნების თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენების მიწოდება. აღნიშნული პაკეტის საერთო ღირებულება 3,8 მილიარდი დოლარია.
სიდიდით მეორე პაკეტს წარმოადგენს მსუბუქი ტაქტიკური ავტომობილები, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალები პირადი შემადგენლობის გადასაყვანად გამოიყენებს. ახალი ავტომობილების შეძენა ისრაელურ მხარეს 1,98 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
