კანონპროექტის მეორე პაკეტი მიზნად ისახავს, წამყვანი, ე.წ. ლიდ-პროფესორის სტატუსის შემოტანას, რომელიც არსებულ პროფესურას დაემატება, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილემ ზოგად და უმაღლეს განათლებაში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, ზოგადი განათლების მიმართულებით მინისტრმა დეტალური ხედვა წარადგინა, რომელიც გამოქვეყნდა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
„რაც შეეხება უმაღლესი განათლების შესახებ რეფორმის ნაწილს, მოგეხსენებათ, კანონპროექტის პირველი პაკეტი საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდა, ხოლო მეორე პაკეტი მომავალ კვირას გავა.
მეორე პაკეტი მიზნად ისახავს, წამყვანი, ე.წ. ლიდ-პროფესორის სტატუსის შემოტანას, რომელიც არსებულ პროფესურას დაემატება. დღეს არსებული მოდელის მიხედვით, მოგეხსენებათ, არსებობენ: პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ პროფესორები და ასისტენტები. მათ დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დაახლოებით, კათედრის გამგის პოზიცია იქნება. ანუ, მათ დაევალებათ მიმართულების ხელმძღვანელობა. ძირითადად, ამ მიმართულებას ეხება შესაბამისი ცვლილებები.
ასევე, მეორე ტექნიკური მუხლი გახლავთ რეორგანიზაციის პროცედურების გაწერა. მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ და შესაბამისად, აღნიშნული მუხლი ეხება სწორედ ამ მიმართულებით უფრო მეტ დეტალიზაციას“, – განაცხადა გაბისონიამ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ სამინისტროში 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
