ნიდერლანდების სამეფო ოჯახის განცხადებით, დედოფალი მაქსიმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების რეზერვში ჩაირიცხება. მოკლე სამხედრო მომზადების კურსის გავლის შემდეგ, დედოფალი ჯარში არასრულ განაკვეთზე იმსახურებს.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლების თქმით, მაქსიმამ ჯარში მსახურების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ „ქვეყნის უსაფრთხოება აღარ არის თავისთავად ნაგულისხმევი მოცემულობა და მას, ისევე როგორც ბევრ სხვას, მის უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს“.
გამოცემა NLTimes-ი აღნიშნავს, რომ რეზერვისტები ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების მოქნილ საკადრო რესურსს წარმოადგენენ, რომელთაც ძირითადად საგანგებო სიტუაციების დროს იყენებენ. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი სახეობის ჯარში იმსახურებს დედოფალი.
54 წლის ასაკში მაქსიმა ჯერ კიდევ ასწრებს განაცხადის შეტანას – თავდაცვის სამინისტროში არასრული სამხედრო სამსახურისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი 55 წელია.
მაქსიმა არ არის სამეფო ოჯახის პირველი წევრი, ვინც ჯარში იმსახურებს: კრონპრინცესა ამალიამ ცოტა ხნის წინ ზოგადი სამხედრო მომზადება Defensity College-ში დაასრულა და კაპრალის წოდება მიიღო. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ამჟამად სამხედროთა მიღების მასშტაბურ კამპანიას ატარებს: 2030 წლისთვის დაგეგმილია შეიარაღებული ძალებში მომსახურეთა 80 000-დან 100 000-მდე გაზრდა, პერსპექტივაში კი 200 000 ადამიანამდე.
