ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრუს მერილო მიიჩნევს, რომ მშვიდობა იმ სახით, როგორიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო, აღარ იარსებებს. მისივე თქმით, გლობალური უსაფრთხოების შეცვლილ პირობებში, ესტონეთს, უახლოეს წლებში, ახალი საზღვაო ხომალდების შეძენა, არმიაში ახალწვეულების გაწვევის ამჟამინდელი მოდელის რეორგანიზება და ახალი სამხედრო ბაზის აშენება მოუწევს.
„უსაფუძველოა იმის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – განაცხადა მერილომ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ პრეს-კონფერენციაზე.
„მშვიდობა, რომელში ცხოვრებასაც 2022 წლის 24 თებერვლამდე ვიყავით მიჩვეულნი, სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდება“, – დასძინა მან.
ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის აზრით, შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის თავდაცვის ახლებულად ორგანიზებას და დამატებითი შესყიდვების განხორციელებას, სამხედრო შესაძლებლობების განსამტკიცებლად.
ეს ცვლილებები გულისხმობს 2027 წლიდან 12-თვიან რეკრუტირებაზე გადასვლას, რა დროსაც 4 100-მდე წვევამდელის გამოძახება იგეგმება.
კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, თავდაცვის ძალების წვევამდელებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების დროს გამოიყენებენ. ეს იქნება ეგრეთ წოდებული „აქტიური სამსახური“, რომელიც მხოლოდ წვრთნებით აღარ შემოიფარგლება.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის („რეფორმების პარტია“) განცხადებით, მისი უწყების მთავარ მიზნად კვლავ რჩება თავდაცვის სექტორის მოქმედი სამხედრო პერსონალისა და რეზერვის რაოდენობის გაზრდა, მათთვის ხელფასებისა და შეღავათების მატებასთან ერთად.

„თუ გვსურს, გაგვაჩნდეს ძლიერი სამხედრო პოტენციალი, შეგვეძლოს ამ ძალებით ოპერირება და მუდვივად ვიყოთ საბრძოლო მზადყოფნაში, მაშინ აუცილებელია ომამდე არსებული კონტინგენტის გაზრდა, აგრეთვე მოქმედი სამხედრო პერსონალის, წვევამდელებისა და რეზერვის ძალების ხელფასებისა და დანამატების რეგულარული გადახედვა“, – აღნიშნა პევკურმა.
წვევამდელთა დანამატები წელს 30 პროცენტით გაიზრდება. ამასთან, თავდაცვის სამინისტრო მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების მატებასაც გეგმავს.
გარდა ამისა, ესტონეთის სამხედრო აკადემიაში მისაღები ადგილების რაოდენობა 90-დან 150-მდე გაიზრდება.
მომავალ წელს, ესტონეთის მთავრობა, უკრაინის მხარდასაჭერად, მშპ-ის 0.25 პროცენტის გამოყოფას აპირებს. წელს ეს თანხა 110 მილიონ ევროს შეადგენს.
ესტონეთის თავდაცვის ინვესტიციების ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, ელმარ ვაჰერის განცხადებით, ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზღვაო ძალებისთვის ახალი ხომალდების შეძენაა.
„გვაქვს ამბიციაა, რომ ავაშენოთ ოთხი ახალი ხომალდი საზღვაო ძალებისთვის: ორი ღია ზღვაში ოპერირებისთვის, ორი – სანაპირო პლატფორმებისთვის. ამჟამად ვსწავლობთ, რისი შემოთავაზება შეუძლია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს“, – აღნიშნა ვაჰერმა.
ასევე იგეგმება ესტონეთის საზღვაო ძალების ნაღმმზიდების – „საკალას“, „უგანდისა“ და „ადმირალ კოვანის“ მოდერნიზება.

„ბალტიის თავდაცვის ხაზის“ ფარგლებში, 2027 წლისთვის რუსეთის საზღვრის გასწვრივ თითქმის 600 ბუნკერი აშენდება, რომლის დაფინანსებაში, ესტონეთთან ერთად, ლატვიაც მიიღებს მონაწილეობს.
ნარვის სამხედრო ბაზის დასრულება 2027 წლის მეორე ნახევარში ივარაუდება, ხოლო ამ პროექტის ტენდერში გამარჯვებული მიმდინარე წლის მაისში უნდა გამოვლინდეს.
გასულ წელს, ესტონეთის თავდაცვის ბიუჯეტი 1.38 მილიარდი ევრო იყო, რაც მშპ-ის 3.3 პროცენტს შეადგენდა. 2026 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 2.8 მილიარდ ევრომდე, ანუ მშპ-ის 5.6 პროცენტამდე გაიზრდება.
https://news.err.ee/1609934375/edf-commander-peace-that-preceded-war-in-ukraine-unlikely-to-return
