უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარება ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნების უმეტესობას კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი, რომ ომის დროს არჩევნები არ ტარდება.
„არჩევნების დროს ყოველთვის შიდა ბრძოლა მიმდინარეობს სხვადასხვა ფრაქციას შორის, ხოლო როდესაც გარე თავდასხმები გაქვს, მაშინ უბრალოდ ვერ ჩაატარებ არჩევნებს, რადგან შენი მოწინააღმდეგე გარეთაა და ყველა ძალისხმევა ამისკენ უნდა მიმართო. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება ომის მიმდინარეობისას ნამდვილად არ არის კარგი გამოსავალი. შესაძლოა, არსებობს იმედი, რომ მშვიდობა დადგება, მაგრამ, ამავდროულად, ვერ ვხედავ, რომ რუსები ამჟამად რაიმე ძალისხმევას მიმართავენ მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა კაია კალასმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, საპრეზიდენტო არჩევნებსა და ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის გეგმის გამოცხადებას აპირებს. ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებიც და რეფერენდუმიც მაისში ჩატარდეს.
