თურქეთის იუსტიციის ახალი მინისტრის დამტკიცების დროს ქვეყნის პარლამენტში ჩხუბი მოხდა. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ და ოპოზიციის კანონმდებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციის დროს იუსტიციის მინისტრად აკინ გიურლეკის წარდგენისას.
ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა სცადეს, ხელი შეეშალათ აკინ გიურლეკისთვის პარლამენტში ფიცის დადებისას.
აკინ გიურლეკი სასამართლოს უმაღლეს თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დანიშნა. სტამბოლის მთავარი პროკურორის რანგში გიურლეკი თავმჯდომარეობდა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ რამდენიმე წევრის წინააღმდეგ წარმოებულ გახმაურებულ სასამართლო პროცესებს, რომლებსაც ოპოზიცია, დიდი ხანია, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ჩხუბის გამო სპიკერმა სხდომა 15 წუთით შეწყვიტა, ვიდრე წესრიგი აღდგებოდა. აკინ გიურლეკმა ფიცი მოგვიანებით მმართველი პარტიის კანონმდებლების გარემოცვაში დადო.
გიურლეკმა სტამბოლის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ ეკრემ იმამოღლუს ნოემბერში ფართომასშტაბიანი ბრალდება წაუყენა, რომელშიც მას კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ 142 საქმეში ადანაშაულებდა.
