ვრჩები ჩემი კახელების და მშობლიური კახეთის ერთგულ მხარდამჭერად, – ამის შესახებ გიორგი ალადაშვილი წერს, რომელიც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ამიერიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
“ჩემო კახელებო,
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაგრძელებ მუშაობას. როგორც რეგიონის ხელმძღვანელი, ვემშვიდობები ჩემს მშობლიურ კახეთს და მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კახეთის რეგიონის მოსახლეობას, აგრეთვე, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ხნის მანძილზე ჩემთან ერთად ზრუნავდა რეგიონის უკეთესი მომავლისთვის.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ – მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის, რადგან მომეცა შესაძლებლობა ჩემი წვლილი შემეტანა მშობლიური რეგიონის განვითარების საქმეში, მადლობას ვუხდი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, საკონონმდებლო ორგანოში კახეთის დეპუტატებს და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მედიის წარმომადგენლებს, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოების თავმჯდომარეებს და ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ თითოეულ საჯარო მოსამსახურეს.
ჩემთვის დიდი პატივი იყო კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობა. განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი, რაც დადებითად აისახა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. ცენტრალური მთავრობის ხელშეწყობით, რეგიონში შემოვიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, გაიხსნა კახეთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი, რეგიონის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას ათეულობით ახალი საბავშვო ბაღის და საჯარო სკოლის შენობა შეემატა, უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ხელშესახები შედეგები, ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული, სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რაც გულისხმობს, როგორც ახალი სარეკრეაციო სივრცეების, ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.
ჩემთვის, როგორც რეგიონის ხელმძღვანელისთვის, ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი იყო ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ყოფნა და მათი ინტერსების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ, ჩემი ინიციატივით ყოველწლიურად ტრადიციად ვაქციეთ სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის, კახეთის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების რეგიონული ღონისძიება.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კახეთის განვითარების პროცესი უწყვეტად გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდი მასშტაბების პროექტები განხორციელდება.
ვრჩები ჩემი კახელების და მშობლიური კახეთის ერთგულ მხარდამჭერად”, – წერს გიორგი ალადაშვილი.
