გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აღიარა, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის ბზარი გაჩნდა, თუმცა ვაშინგტონს მოწოდებით მიმართა – „მოდით, ერთად აღვადგინოთ და გამოვაცოცხლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა“, – წერსფრანგული გამოცემა Le Monde სტატიაში სათაურით „გერმანიის კანცლერი მერცი აშშ-ს მოუწოდებს, აღადგინოს კავშირები ევროპასთან“.
მერცი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ევროპასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების ფონზე. აუდიტორიაში ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც იმყოფებოდა.
„ნება მომეცით, არაკომფორტული სიმართლით დავიწყო: ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბზარი, ღრმა ნაპრალი გაჩნდა“, – განაცხადა მერცმა შეკრებაზე, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ლიდერი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა.
დონალდ ტრამპის მუქარიდან გრენლანდიის მითვისების შესახებ, მის „სატარიფო ბლიცამდე“ და ადმინისტრაციის გაფრთხილებამდე, რომ ევროპა „ცივილიზაციური წაშლის“ წინაშე დგას – ტრანსატლანტიკური კავშირები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
„ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ეს ერთი წლის წინ თქვა აქ, მიუნხენში. ის მართალი იყო თავის აღწერაში“, – განაცხადა მერცმა, რომელმაც იგულისხმა 2025 წლის გამოსვლა, რომელშიც ვენსმა ევროპა სიტყვის თავისუფლებისა და სხვა დემოკრატიული უფლებების ჩახშობაში დაადანაშაულა.
მერცმა გააფრთხილა დამსწრენი, რომ ასეთ ეპოქაში თავისუფლებები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოცემულობად მიიჩნეოდა, სულ უფრო მეტად „საფრთხის ქვეშაა“.
„ეს ჩვენგან მოითხოვს მზადყოფნას ცვლილებებისთვის, რყევებისთვის და, დიახ, მსხვერპლის გაღებისთვისაც კი“, – აღნიშნა მან.
შემდეგ მერცმა უფრო იმედიანი ტონი შეარჩია და აშშ-სა და ევროპას „ახალი ტრანსატლანტიკური პარტნიორობის“ ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.
„ძვირფასო მეგობრებო, ნატოს წევრობა მხოლოდ ევროპის კონკურენტული უპირატესობა როდია. ეს ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტული უპირატესობაცაა. ამიტომ, მოდით, ერთად აღვადგინოთ და გამოვაცოცხლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა“, – განაცხადა მერცმა. „ჩვენ, ევროპელები – ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვასრულებთ“.
