რუსეთი იძულებულია გაყიდოს საკუთარი ნავთობი რეკორდული ფასდაკლებით, რათა ვინმე მაინც დააინტერესოს. სტატიას ამ შინაარსით The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნავთობის იაფად გაყიდვა ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაფინანსებას საფრთხე ემუქრება, თუმცა კრემლი ჯერ საკმარისად შეშინებული არ არის.
როგორც The Telegraph-ი წერს, Ural-ის მარკის ნავთობის ფასი იანვარში ერთ ბარელზე საშუალოდ 37,50 დოლარამდე დაეცა, რადგან კრემლი აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციებისა და ინდოეთთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობების წინაშე აღმოჩნდა.
საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის ყოფილი მკვლევარი, რობინ ბრუკსი აღნიშნავს, რომ ახლა რუსული ნავთობი Brent-ის მარკის ნავთობზე 42%-ით იაფია.
ანალიტიკოსების თქმით, თუ აქამდე რუსი ექსპორტიორები სანქციებს გვერდს უვლიდნენ, გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის მიერ ორ უმსხვილეს რუსულ კომპანიაზე „როსნეფტსა“ და „ლუკოილზე“ დაწესებულმა სანქციებმა მდგომარეობა გაართულა.
„თუ ეს ასე გაგრძელდება, პუტინს დიდი პრობლემები შეექმნება, რადგან შიდა ეკონომიკის მხარდაჭერის სტრატეგიის საკვანძო ნაწილს ნავთობის ექსპორტიდან მიღებული მაღალი შემოსავლები წარმოადგენს“, – ციტირებს გამოცემა ანალიტიკოსს სტეფან დიტელს.
გარდა ამისა, რუსეთისთვის ახალ დარტყმას წარმოადგენს ის გარემოება, რომ აშშ-ისა და ინდოეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსულ ნავთობს აღარ იყიდიან. სამაგიეროდ, აშშ ინდოეთზე დაწესებულ ტარიფებს შეამცირებს.
თუმცა, როგორც კომპანია Capital Economics-ის ანალიტიკოსი, ჰამად ჰუსეინი ამბობს, ვითარება ჯერ არ არის ისეთი კრიტიკული, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება აიძულოს.
