გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება, რაც ოდნავ აღემატება ადრე გაკეთებულ პროგნოზს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„თუმცა, მდგრადი აღმავლობის მისაღწევად აუცილებელია რეფორმების გატარება“, – განაცხადა სამშაბათს გერმანიის მრეწველობისა და ვაჭრობის პალატამ.
„ეს ძალიან ცოტაა. ჩვენი კონკურენტები უფრო დინამიურები არიან“, – განაცხადა ჰელენა მელნიკოვმა, სავაჭრო პალატის (DIHK) აღმასრულებელმა დირექტორმა.
მანამდე პალატა 2026 წლისთვის 0.7%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
„ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა კვლავ ცდილობს განვითარების ტემპის აღდგენას, რადგან გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, მაღალი საოპერაციო ხარჯები და სუსტი შიდა მოთხოვნა მძიმე ტვირთად აწვება კომპანიებს. ამასთან, 2026 წლის ზრდა მეტწილად სტატისტიკური და კალენდარული ეფექტებით არის განპირობებული“, – წერს სააგენტო Reuters-ი.
„მზარდი გლობალური ეკონომიკა და გაზრდილი სახელმწიფო ხარჯები – მაგალითად, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე – გარკვეულ სექტორებს მცირედით აცოცხლებს. თუმცა, საერთო ჯამში, ეს ეფექტი საკმარისად არ იგრძნობა“, – განაცხადა მელნიკოვმა ბერლინში პროგნოზის პრეზენტაციაზე.
