ევროპასთან ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, რომ ევროპა არ მოგვწონს ან მოკავშირეებს პატივს არ ვცემთ, არამედ საქმე ის არის, რომ ისინი ბევრ რამეს აკეთებენ საკუთარი თავის საბოტაჟისთვის, ჩვენ გვსურს, ეს შეწყდეს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსის“ გადაცემა The Story-ში განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ს სურს, ევროპა იყოს ნამდვილი მოკავშირე.
ამასთან, როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, აშშ-ის პოზიცია სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ოსტატურად გადმოსცა.
„ვიღაცამ მითხრა, რომ მე ცუდი პოლიციელი ვიყავი, რათა მარკო კარგი პოლიციელი გამხდარიყო. მან შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ევროპელებს დიდწილად დაავიწყდათ ან, სულ მცირე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდწილად დაავიწყდათ. მიზეზი, რის გამოც მარკო ან მე ვსაუბრობთ საზღვრებზე, იმაზე, რომ მათ მეტი უნდა დახარჯონ საკუთარ უსაფრთხოებაზე, რომ ისინი კვლავ უნდა იქცნენ სიცოცხლისუნარიან ეკონომიკად, არის ის, რომ ჩვენ გვსურს, ევროპა ყვაოდეს და წარმატებას მიაღწიოს. ჩვენი პრობლემა ევროპასთან ის კი არ არის, რომ ევროპა არ მოგვწონს, თუმცა ამას ევროპული მედიისგან ისმენთ, ან ის, რომ ჩვენს მოკავშირეებს პატივს არ ვცემთ, საქმე ისაა, რომ ისინი ბევრ რამეს აკეთებენ საკუთარი თავის საბოტაჟისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ეს შეწყდეს. ჩვენ გვინდა, ისინი იყვნენ მოკავშირეები ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. ვფიქრობ, მარკომ თავის გამოსვლაში ეს ყველაფერი ძალიან ოსტატურად გადმოსცა. მან რეალურად ჩამოაყალიბა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ძალიან გონივრული ხედვა. ეს არის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ, დაახლოებით ერთი წელი და ერთი თვეა, ვატარებთ. ხალხს ვურჩევ, უყურონ ამ გამოსვლას“, – განაცხადა ვენსმა.
