სამხედრო მომზადების პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებმა გაიარეს ზამთრის ტაქტიკური სწავლება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სწავლება მოიცავდა ქვეითი ათეულის/ოცეულის ზომის ქვედანაყოფების ტაქტიკურ მოქმედებებს ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებში. მონაწილეებმა მაღალმთიან, რთული რელიეფის პირობებში შეისწავლეს თვითგადარჩენის პრაქტიკული ხერხები, თოვლის საფარით თავშესაფრების მოწყობა და გადაადგილების ტექნიკა, ასევე დახვეწეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის უნარები მაღალმთიან რელიეფზე.
ზამთრის საველე სწავლებები მნიშვნელოვანია მომავალი მეთაურების პროფესიული მომზადებისთვის, რათა მათ ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ საბრძოლო ამოცანები მაღალმთიან ზონაში, ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში.













