„რესპუბლიკური“ პარტიის წევრებმა ჩუმად ამოისუნთქეს, როცა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მასშტაბური ტარიფები გააუქმა, მაგრამ ეს გრძნობა, შესაძლოა ხანგრძლივი არ აღმოჩნდეს. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს „რესპუბლიკური“ პარტიის ბევრი წევრი, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შეშფოთებას გამოხატავდა იმის გამო, რომ ტარიფებმა, შესაძლოა, ფასების ზრდა გამოიწვიოს, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პროგრამა დააზარალოს და ეკონომიკის დესტაბილიზაცია მოახდინოს.
Politico-ს ცნობით, ეკონომიკის დესტაბილიზაციამ, შესაძლოა, ნოემბერში გასამართ შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შანსები შეამციროს და მათ კონგრესში უმრავლესობა დააკარგვინოს.
„სავსებით შესაძლებელია, რომ უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ეკონომიკას მაშველი რგოლი გადაუგდო, ხოლო პრეზიდენტი ამაზე უარს ამბობს და ღუზას ითხოვს. აღნიშნული ტარიფები ხელმისაწვდომი საცხოვრებლის იდეის რეალიზებას ხელს ვერ შეუწყობდა“, – ციტირებს გამოცემა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრს და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, მეთიუ ბარლეტს.
Politico-ს ცნობით, ტარიფებთან დაკავშირებით ტრამპის მკაცრმა პოზიციამ განსაკუთრებულად გაურთულა მდგომარეობა „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატებს საკვანძო შტატებში, სადაც გადასამუშავებელმა მრეწველობამ და სოფლის მეურნეობამ სავაჭრო შეზღუდვების გამო ყველაზე მეტად იზარალა.
ტრამპის რამდენიმე მოკავშირემ მოუწოდა მას შეარბილოს პოზიცია და მომავალ ნაბიჯებს გადახედოს. თუმცა პრეზიდენტის მიერ ხელმეორედ გამოცხადებულმა 10-პროცენტიანმა გლობალურმა ტარიფმა ისინი კვლავ დაზაფრა.
