გერმანიაში კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, “პინოქიო” უწოდა. Apollo News-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კომენტარი ინტერნეტ-მონიტორინგის დროს აღმოაჩინეს და საქმე ოფიციალურად აღძრეს.
გამოცემის ცნობით, გამოძიება ფეისბუკზე გაკეთებული კომენტარის საფუძველზე დაიწყო, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ფრიდრიხ მერცისა და ვინფრიდ კრეჩმანის ვიზიტს უკავშირდებოდა.
კერძოდ, მამაკაცმა დაწერა: “პინოქიო მოდის ჰაილბრონში“. სამი თვის შემდეგ პენსიონერმა კრიმინალური გამოძიების განყოფილებიდან შეტყობინება მიიღო, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება საჯარო პირის შეურაცხყოფის ფაქტზე. მიმდინარე საქმეში ბრალდებული ამტკიცებს, რომ მისი კომენტარი კონკრეტული პირის მიმართ მიზანმიმართულ შეურაცხყოფას არ წარმოადგენდა.
